თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა "სირცხვილიას" ორი აქტივისტის საქმის პროცესი გადაიდო. დაკავებულები ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე გაათავისუფლეს, მათი საქმის განხილვა კი უკვე ხვალ, 11 ნოემბერს 15 საათზე გაგრძელდება.
გიორგი მჟავანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვის ვერმოსწრების მიზეზით გადადეს. ნოდარ რუხაძის თქმით, კი პროცესზე პოლიციას ისეთი მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი, რაც მათ სასარგებლოდ შეიძლება გამოდგეს.
"თეთრზე გვიმტკიცებენ შავს. ერთი დიდი სიყალბეა. ადამიანები რომლებთან ერთადაც 26 საათი გავატარე, ვსაუბრობდით, ვთანხმდებოდით, მაშინ, როცა ჩვენ წინააღმდეგ უნდა მიეცათ ჩვენება, გამოვიდნენ და შემოატრიალეს [პოზიცია]. საბჭოთა კავშირის სპექტაკლი ვნახეთ აქ", - თქვა ნოდარ რუხაძემ პროცესიდან გამოსვლის შემდეგ.
9 ნოემბრის აქციის მონაწილეებს შეშა გასათბობად სჭირდებოდათ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა თქვა, რომ გიორგი მჟავანაძეს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქტივისტები ამბობენ, რომ კომენდანტის საათს არაფერი აქვს საერთო მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან, მას პოლიტიკური მიზნები აქვს და სწორედ ამიტომ აცხადებენ დაუმორჩილებლობას.